ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

ღირსეული მამულიშვილები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე

Kalistrate Cincadze(1866-1952)

 XIX-XX საუკუნეების დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე, ერისკაცობაში კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელტობანიერში მღვდლის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველი განათლება მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1882-88 წლებში  თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1892 წელს დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით თემაზე: ,,ივერიის ეკლესია სასანიდების დროს."

1893 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) კალისტრატე ცინცაძე დიაკვნად აკურთხა. ღვთისმსახურების პარალელურად კალისტრატე ცინცაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა - ასწავლიდა თბილისის ქართულ და ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიებში.  მისი ღვაწლი არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორის მკერდის ოქროს ჯვრით, რომელიც 1903 წლის 6 მაისს მიიღო. 1897 წელს  იგი ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1909 წლის 6 მაისს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. მისი ამ პერიოდის მოღვაწეობაც ასევე გამორჩეული იყო და 1913 წელს წმ. ანას III ხარისხის, ხოლო შემდგომში წმ. ანას II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს, როგორც ქართული ეკლესიისა და ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, კალისტრატე ცინცაძეც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმოებულ ბრძოლაში. ამ საკითხს მან მეცნიერული ნაშრომებიც მიუძღვნა, რომლებიც ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა. ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე) და არქიმანდრიტ ამბროსისთან (ხელაია) ერთად 1917 წლის ზაფხულში იგი მონაწილეობდა პეტროგრადის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებათა რაუნდში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარების საკითხებს ეხებოდა. კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის I, II, და III საეკლესიო კრებებშიც. მთელი ამ ხნის მანძილზე უცვლელად იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. 1923 წლის იანვარში საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან ერთად დააპატიმრეს და 1925 წლის მარტამდე სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა.

1925 წელს  მრავალნაცად და ღვაწლმოსილ დეკანოზ კალისტრატეს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხეს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად. მას მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 11 ნოემბრიდან კი მიტროპოლიტი კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაინიშნა. 1927 წლის 20 ივნისს იგი მანგლისის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. 1930 წელს მასვე ჩააბარეს ალავერდის ეპარქიის მართვა. 1932 წლის 10 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) გარდაიცვალა. მეორე დღეს საგანგებოდ შეკრებილ წმიდა სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის მაღალმა სასულიერო პირებმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი კალისტრატე აირჩიეს. 1932 წლის 21 ივნისს გამართულ საქართველოს ეკლესიის VI საეკლესიო კრებაზე კი მიტროპოლიტი კალისტრატე უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ცნეს. 24 ივნისს იგი საზეიმოდ აკურთხეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

უწმიდესი კალისტრატეს დამსახურება განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. იურიდიულად სწორედ  მის დროს მოწესრიგდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების თანასწორი ურთიერთობის საკითხი.  იგი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, რაც 1943 წელს წარმატებით დაგვირგვინდა. კალისტრატე ცინცაძის დიდი დამსახურებაა აგრეთვე საქართველოში მცხოვრები არაქართველი მართლმადიდებლების (რუსების, ბერძნების, აფხაზებისა და ოსების ნაწილი) საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემოსვლა.

მისი უწმიდესობა კალისტრატე ცინცაძე ამბობდა: "ეკლესია შემოინახა ღმერთმა და უბრალო ხალხმა." მას ურთულეს დროში - კომუნისტური რეჟიმის მძვინვარებისა და სასტიკი რეპრესიების პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა. 1949 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ უწმიდესი კალისტრატე აკადემიის წევრად აირჩია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე გარდაიცვალა 1952 წლის 2 თებერვალს, დაკრძალულია სიონის ტაძარში.

                                                 კორნელი კეკელიძე

korneli kekelidze   (1879-1962)

გამოჩენილი ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე  კორნელი სამსონის ძე კეკელიძე დაიბადა 1879 წლის 18 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფ.ტობანიერში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918-დან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930 სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927,1929).

კ. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" დაიბეჭდა 1905 წელს ჟურნალ "მწყემსში" (№ 13, 14). 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.

1905-1912 თანამშრომლობდა "კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში", 1912-1917 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში - "ქრისტიანული აღმოსავლეთი". სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა ("იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა", რუსულ ენაზე, 1912, მ.ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; "ძველი ქართული არქიერატიკონი", რუსულ ენაზე, 1912) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905) და სვანეთში (1911) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948-1954 გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 - ნ.ციციშვილის "შვიდი მთიები", 1935 - იოანე საბანის ძის "აბო თბილელის წამება" და ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", 1936 და 1948 - იოანე ბატონიშვილის "კალმასობის" ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 - "ვისრამიანი" (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 - "ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი" და სხვა.

კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923-1960 გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა "ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი" (რუსულ ენაზე, 1938). 1955 რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.

კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.

კორნელი კეკელიძე გარდაიცვალა 1962 წლის 7 ივნისს, დაგრძალულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეზოში.

                       დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე)

Simon Bagdavadze  (1857-1942) 

ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი ბერი. ქართველ ბერთა საძმოს მმართველი 

მღვდელსქემმონაზონი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონი) დაიბადა 1857 წელს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, ივანე ბადავაძის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდგომ ადიდებულმა რიონმა საშინლად წალეკა სოფელი ჭყვიში. დაზარალებული ოჯახები გადმოსახლდნენ სამტრედიის მახლობლად. ახლად დასახლებულ ადგილს „ქოსნათი" (ამჟამად „ახალსოფელი") ეწოდა. ყმაწვილი სოლომონი ყურადღებას იჩენდა ღვთისმსახურებისადმი, ხშირად სტუმრობდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებს. თანატოლებისაგან გამოირჩეოდა ნიჭითა და სწავლის სურვილით. მოწიფულ ასაკში იგი დაოჯახდა, მაგრამ მალევე ეწვია დიდი განსაცდელი - მისი მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. დაქვრივებული სოლომონი რწმენით შეხვდა მწუხარებას და ბერად შედგომა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ერთმა გარემოებამ შეაფერხა, უეცრად გარდაეცვალა ერთადერთი ძმა, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი - ივანე. ობოლი ძმისშვილის აღზრდა სოლომონმა იტვირთა. წლების მანძილზე ზრუნავდა იგი ყმაწვილის კეთილდღეობაზე. სოლომონმა მახლობელი სოფლებიდან შემოკრიბა სწავლას მოწყურებული პატარები და დააარსა საშინაო სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, არითმეტიკას, გეოგრაფიასა და სხვა საგნებს. ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, ზრდილობას, უფროსისადმი პატივისცემასა და ქართული სუფრისა და მოლხენის სათანადო წესრიგს. ის პატარები, რომლებიც შორეული სოფლებიდან იყვნენ, ხშირად სოლომონის სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდნენ მშობლებთან. გონების გაწვრთნასთან ერთად, სოლომონი ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს უნერგავდა. მეცადინეობის შემდგომ ყველა შრომობდა, ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, საქონელს უვლიდა, მიწას ამუშავებდა. სოლომონი დიდი სიყვარულითა და ზომიერი სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ უყვარდა უშნო ცელქობა და ღლაბუცი. ყოველდღიურ საზრუნავში გადიოდა დრო, ყმაწვილები გაიზარდნენ. ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა „ვეფხისტყაოსანი", „თამარიანი". ბიჭებმა დაასრულეს სწავლა და ოჯახებს მოეკიდნენ. სოლომონმა ძმისშვილი დავაჟკაცებულად სცნო და ასე უთხრა: - „შენთან აწი, როგორც სტუმარი, ისე მოვალ. შენ უკვე ვაჟკაცი ხარ და თანაც, მე რომ მინდოდა, ისეთი დადექიო".

მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირნათლად აღასრულა ვალი ოჯახის წინაშე, გელათის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს გადაუფორმა თავისი კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება. 1890-იანი წლების ბოლოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მცირე ხანში აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 1901 წელს მამა სიმონმა გადაწყვიტა იერუსალიმში წმიდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება. წასვლის წინ მოინახულა თავისი გაზრდილი ივანე, რომელსაც უკვე ორი თვის გოგონა ჰყავდა. გამომშვიდობებისას პატარა აკვანში ატირებულა და როდესაც დედას დამშვიდება დაუწყია, მამა სიმონს უთქვამს - „იტიროს ბავშვმა, გამყვეს ივანეს ბავშვის ხმაო".

ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები უპირველესად იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სიმონმა აისრულა სანუკვარი ოცნება და მოინახულა პალესტინის უწმიდესი ადგილები. შემდეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. რამდენიმე დღეში გემმა ათონის მთას მიაღწია. მამა სიმონმა კითხვა-კითხვით მიაგნო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეს, რომელიც ივერთა მონასტრის შორი-ახლოს მდებარეობდა. ქართველთა სავანეში ნებისმიერი თანამემამულის ხილვა დიდ სიხარულს იწვევდა, მაგრამ საძმო განსაკუთრებით გაახარა მღვდელმონაზვნის შემომატებამ. ათონზე იმ დროისთვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია, ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მამა, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი - ღირსი მამის ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი) - აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში.

მღვდელსექმმონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული უძველეს ხელნაწერთა ასლები. მამა სიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაში.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართველებს, ნამდვილ ივერიელებს, ივერთა მონასტერში არ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიე გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გაყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ. თავს იმით იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულად ავიწყდებოდათ. ქართველ ბერებს აკვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ ითმენდნენ უკეთესი მომავლის იმედით.

გადიოდა წლები. მამა სიმონი ყოველდღიური მსახურებით იყო დაკავებული. პერიოდულად ლოცვა-კურთხევით აღსავსე წერილებს უგზავნიდა ძმისშვილ ივანეს (სამწუხაროდ, ამ წერილებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია). ახარებდა მისი ოჯახის გამრავლება. მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა, ეხმარებოდა მოძღვარს და უვლიდა ეკლესიას. შემდგომ წლებში მამა სიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა ულამაზესი, ცისფერი მღვდლის სრული შესამოსელი, ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთები.

1905 წლის მაისში ღვთივგანისვენა მღვდელსქემმონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთრებული დანაკლისი იყო როგორც მამა სიმონისათვის, ასევე მთელი საძმოსათვის. იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო, რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებით ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმიდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის ბოლომდე დაინგრა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა ქართველთა სავანე. მღვდელსქემმონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს. მწარე დღეების გარდა, ხშირი იყო სამახსოვრო დღეებიც. ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთები.

შემდგომ წლებში, პოლიტიკური ვითარება ბალკანეთში მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ჯერ ბალკანეთის, ხოლო შემდეგ პირველი მსოფლიო ომები. ევროპა სისხლისღვრამ მოიცვა. ათონის მთაზე ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მრავალეროვანი ათონის მაცხოვრებლების მშობლიური ქვეყნები ომში დაპირისპირებული აღმოჩნდა. რუსეთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიკური ვითარება, ჩამოვარდა შიმშილობა. 1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არიქმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იოანს (ხოშტარიას) გარდაცვალების შემდეგ ქართველებს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვება მოსთხოვეს. მამა სიმონი ძმობამ გამოირჩია ქართველი ბერების მმართველად.დიდი სადარდებელი  და საფიქრალი დაეკისრა მამა სიმონს. მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელმონაზვნებთან - იოანე (მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველთა მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი. მამა სიმონი გაეშურა წმიდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვართან - არქიმანდრიტ მისაილთან თავშესაფრის სათხოვნელად. რუს ბერებთანაც გართულებულიყო ურთიერთობა, რადგან ზოგიერთი რუსი ბერი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენას „რასკოლს" უწოდებდა. არქიმანდრიტმა მიქაელმა ქართველ ბერებს შესთავაზა სტეფანე პირველმოწამის სკიტში დაბინავება. ეს სენაკი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე, მაგრამ არჩევანი არ იყო. ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მძიმე და ცრემლიანი იყო განშორება, მამები თითქოს გრძნობდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს.

1920 წელს 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით დასახლდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში. მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ მოღვაწეები საარსებო საკვების მოპოვებას. ცხრა ბერიდან სამი ღრმადმოხუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. შრომას ნაჩვევი მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა. ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, შემდგომ ყიდდნენ და ასე, წვალებით ცხოვრობდნენ. მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონი დააავადა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. მამა სიმონი უკვე 69 წლის იყო, ამიტომაც აღარ მოსდევდა ჩვეული ჯანმრთელობა. პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა მამა სიმონს დარჩენა შესთავაზეს, რადგან სტეფანე პირველმოწამის სავანეში დაბრუნება მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ქართველმა ძმებმაც სთხოვეს საავადმყოფოში დარჩენილიყო და დაჰპირდნენ, რომ ხშირად ინახულებდნენ მას. რამდენიმე თვეში მამა სიმონი მომჯობინდა და უკვე შეძლო პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში წამუშავება. რუსმა ბერებმა სენაკიც დაუთმეს სატრაპეზოსთან ახლოს. ყველამ შეიყვარა კეთილი, სათნო, მლოცველი და დარდიანი მოხუცი ტრაპეზარი. წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში მომხდარმა 1932 წლის ხანძარმა და ბერი ბართლომეს დაღუპვამ გული მოუკლა მოხუცს. ბოლო წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა. 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში მშვიდობით მიაბარა სული უფალს მღვდელსქემმონაზონმა სიმონმა.

                                            გალაკტიონ ტაბიძე

galaktion tabidze(1891-1959)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში (პირველ ავტობიოგრაფიაში გალაკტიონი დაბადების ადგილად მიუთითებს ქუთაისის მაზრის ტობანიერის თემს).

პოეტის მამა ვასილ ტაბიძე სრულიად ახალგაზრდა 23 წლისა გარდაიცვალა გალაკტიონის დაბადებამდე. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭაოდან იყო (დღევანდელი ყუმურის თემი). გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის". პოეტის ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი გახლდათ.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში. 1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წელს გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, ამავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა).

სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში (1908წ) გალაკტიონმა გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი", ხოლო 1910 წელს მან მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგანაც იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი" აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით და პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი (1910-1911წწ). თავდაპირველად მასწავლებლოდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერეც იგი სამუშაოდ გადადის ბათუმის მახლობლად.

გალაკტიონი 1911 წლის ივნისიდან თავს ანებებს მასწავლებლობას და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების: „კოლხიდის", „მნათობისა" და „თანამედროვე აზრის" რედაქციებში.galaktrionis saxli

1914 წელს დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. გალაკტიონის დებიუტს  აღტაცებით ხვდებიან:          აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი,   რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.

1916 წელს ოლღა ოკუჯავასთან დაქორწინების შემდეგ გალაკტიონი მოსკოვში გაემგზავრა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ 1919 წელს გამოსცა ლექსების მეორე  კრებული  „არტისტული ყვავილები", რომელმაც ავტორს „გენიალური გალაკტიონისა" და „პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის მეხუთე ნომერშიც დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. ამ პოემის დაბეჭვდისათვის საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა. 1925 წელს ჟურნალ „მნათობის" მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი. 1932 წელს გალაკტიონს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა. 1935 წელს მონაწილეობდა კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად. 1937 წელს დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა, რამაც მას აუნაზღაურებელი სულიერი დარტყმა მიაყენა.1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ". galaktionis biustiმისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები", „გობელენი", „შერიგება", „მთაწმინდის მთვარე", „ალვები თოვლში", „ოფორტი", „შიშველი", „მარმარილო", „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", „დგება თეთრი დღეები...", „მგლოვიარე სერაფიმები", „ყორანი", „Voiles", „სიშორით შენით", „ვინ არის ეს ქალი?", „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში", „შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში", „ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი", „ეფემერა", „ისევ ეფემერა", „მშობლიური ეფემერა", „არდაბრუნება", „იმ ვარდისფერ ატმებს...", „სასაფლაონი", „სროლის ხმა მთაში", „ყანები", „თოვლი", „ავდრის მოლოდინი", „ქარი ქრის", „ქარი მოგონებათა", „ქარი დაცხრა სიბობოქრის...", „რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...", „სანამ წვიმა გადივლიდეს...", „მუხებს ჩოხათ საქილეში...", „კუმისი", „სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა", „რამდენი დარჩა გაუგებრობა" და სხვა.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

ალბათ სწორედ, საბჭოთა ნომენკლატურის მიერ მიყენებული სულიერი ტრამვით გამოწვეული სიმარტოვის შედეგია, რომ „პოეტების მეფემ"  1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.

გალაკტიონი დაკრძალულია მთაწმინდაზე.

                                   ტიციან ტაბიძე

ticiani(1893-1937)

გამოჩენილი ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე დაიბადა 1893 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი).

ტიციანის დედა - ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა. "მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს" - წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 -1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან - გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.   1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს" რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც ticianis saxliთავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

 გიორგი ნაფეტვარიძე

(1919-1942)

ქართველი პოეტი გიორგი ტარასის-ძე ნაფეტვარიძე დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.

გიორგი ნაფეტვარიძემ 1939 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წელს გაზეთ „სტალინელში", ხოლო მისი ლექსებისა და პოემების პირველი კრებული „გაფრენილი დურუჯი" გამოაქვეყნა 1937 წელს. გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი (კრებულები: „დაუმთავრებელი ბალადა", 1961წ; „სიყვარული", 1965წ; „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერულები", 1970წ; „ნახვამდის", 1979).

გიორგი ნაფეტვარიძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც სევასტოპოლის მახლობლად გმირულად დაიღუპა 1942 წელს.

                                  კარლო საკანდელიძე

karlo sakandelidze1928

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე  დაიბადა 1928 წლის 1 აპრილს ვანის რაიონის სოფელ  ბზვანში.

მან 1944წ. დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1949 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია; მეზღვაური (ბ. ლავერნიოვის "რღვევა"), სასამართლოს აღმასრულებელი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), გლახუკა (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), სტუნდენტი (შილერის "ყაჩაღები"), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ვარლამი (რ. თაბუკაშვილის "დენბურგის ზარი"), ღენტორი (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), აკიმი (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), დავრიში (ლესინგის "ნათან ბრძენი"), შარლემანი (ე. შვარცის "დრაკონი"), ბი, მასხარა, კასკა, კნაჭა, თერძი (უ. შექსპირის "რიჩარ მესამე", მეფე "იულიუს კეისარი", "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ჯანდიერი, გლეხი ქმარი (ბ. ბრეჰტის "კავკასიური ცარცის წრე"), ბარნაბა საკნადელიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), გოგია (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), კარპე ფრონტელი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ადამიანი იბადება ერთხელ"), ჭინჭრაქა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), არისტო ქვაშეიძე, ოსიკო ხარაბაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "შემოდგომის აზნაურები"), ტრუფალდინო (კ. გოლდინის "ორი ბატონის მსახური"), ონისე, გიო (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა", "ტარიელ გოლუა"), მიმიშვილი, მიხაკო (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე", "დაბრუნება"), და სხვა.

ქართული კინოსტუდიასა და სატელევიზიო მხატვრულ ფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი სახეები: მენახშირე ("მაგდანას ლურჯა"), თავადი ("კარდაკარ"), კარლო ("პიერი მილიციის თანამშრომელი"), ქსოვილების გამყიდველი ("დაბრუნებული ღიმილი"), სავლე ("მალე გაზაფხული მოვა"), ობუხოვსკი ("ჩემი მეგობარი ნოდარი"), გიოლება ("ჯვარცმული კუნძული"), დოდო ("არ დაიდარდო"), მაქსიმი ("ჩემი ქალაქის ვარსკვლავი"), გიგა ("ზღვის შვილები"), ნიკანდი ქირია ("დათა თუთაშხია"), ზაქრო ("დაუპატიჟებელი სტუმრები"), ობოლაძე ("ღამის რეისი"), კუკური ("ესკულაპეს მოწაფე"), რაჟდენ გოცირიძე ("განთიადის წინ"), ბარმალეი ("მოვდივართ და მოვიმღერით"), კასიანე ("წკიპურტები"), პოეტი კავკასიიდან ("მწვანე ტალღა"), ევტიხი ("ახალი არკადია"), ბიბლაი ("ადამიანთა სევდა").

კარლო საკანდელიზე მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობია. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი აღწევს დეტალების, ნიუანსების, საზოგადოდ, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით. ახასიათბს შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი, რაც სულ უფრო მეტად პოპულარულსა და ავტორიტეტულს ხდის მსახიობის სახელს თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაში.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები.

                                სერგო ამაღლობელი

(1899-1946)

სართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი და დრამატურგი სერგო ივანეს ძე ამაღლობელი დაიბადა 1899 წლის 24 მაისს  სოფ. ამაღლებაში ახლანდელი ვანის რაიონი).

სერგო ამაღლობელი 1920-1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში". 1924-1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და კონსერვატორიაში. 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926-1927 - სახკინმრეწვის დირექტორი, 1928-1936 სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას. 1928-1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება" (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა" და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები" 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი" 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია" 1933; „მცირე თეატრი" 1935.

ამაღლობელი გარდაიცვალა 1946 წლის 13 აპრილს.

                                ნიკოლოზ აგიაშვილი

nikoloz agiashvili(1903-1984)

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი  ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს.  სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის", "სტალინელის" ("ახალი ქუთაისი"), "ჩვენი თაობის", "კომუნისტის" და "დროშის" რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში გახლდათ გამომცემლობა "მერანის" თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგე. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის" გამოშვებაში (1934 - 1935 წლებში).

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად. 1925 წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ-სტილისტი. ავტორია წიგნებისა: "სერვანტესის ცხოვრება", რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), "ჭაბუკები დარჩნენ მარად", რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს (ეხება უდროოდ დაღუპული ლადო ასათიანის ცხოვრება-შემოქმედებას,  რომელმაც ადრიანად მოასწრო დავაჟკაცება და ჭაბუკად დარჩა მარად. იგი უმთავრესად აგებულია პირად მოგონებებზე. მასში  მოხსენიებულია ბევრი  ქართველი ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე) და "ალექსანდრე ნეველი". ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით.

თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, ა. პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, მაქსიმ გორკის, ვლადიმერ მაიაკოვსკისა და სხვათა ნაწარმოებები.

მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.

გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

                                 კალისტრატე გაბუნია

(1888-1937)

 კალისტრატე ესტატეს ძე გაბუნია დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში 1888 წლის 22 იანვარს.

კალისტრატე გაბუნია იყო ქართველი გეოლოგი, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1930-დან) საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. მან 1918 წელს დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი. სტუდენტობაშივე ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, ხოლო 1919 წელს აირჩიეს პეტროგრადის გეოლოგიური კომიტეტის გეოლოგად. სწავლობდა შორეული აღმოსავლეთისა და მანჯურიის გეოლოგიას. ეწეოდა პედაგოგიკურ მოღვაწეობას, ლექციებს კითხულობდა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კ. გაბუნია სამშობლოში დაბრუნდა 1924 წელს და სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი გეოლოგიის დარგებს (სასარგებლო წიაღისეული ძიება, საინჟირო და ჰიდროლოგია, კაუსტო-ბიოლითების გეოლოგია). ამავდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1930 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიია კათედრას. შესწავლილი აქვს საქართველოს წიაღისეულის მრავალი საბადო (ახალციხის დიატომიტი, ალგეთის ლითოგრაფიული ქვა, ჭიათურის მანგანუმი, ფოლადაურის რკინის საბადო, შროშის ცეცხლგამძლე თიხები). ასევე იკვლევდა საქართველოს გეოგრაფიული აგებულების საკითხებს.

ის არის პალეონტოლოგ ლეონიდე გაბუნიას და კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას მამა.

კალისტარტე გაბუნია გარდაიცვალა 1937 წელს ქ. თბილისში.

                                 გრიგოლ ლორთქიფანიძე

grigol lortqifanidze(1881 - 1937)

გამოჩენილი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881 წლის 2 სექტემბერს დაიბადა სოფელ ისრითში (ვანის რაიონი).   

პატარა გრიგილმა ოთხწლიან სკოლაში ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ ქუთაისის სათავადზნაურო გიმნაზიაში გააგრძელებინეს სწავლა. იქ მარქსისტული ჯგუფის წევრი გახდა და რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს, თუმცა მალე აღადგინეს. 21 წლის სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა და „ნოვოროსიის" უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა.  ორი წლის შემდეგ (1904) მეამბოხე სტუდენტებთან ერთად, ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური გაფიცვების ორგანიზებისთვის ჩასვეს ციხეში და სამი წელი პატიმრობასა და გადასახლებაში ამყოფეს. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი  და ისევ სწავლას დაუბრუნდა, ოღონდ ფაკულტეტი შეიცვალა და ფილოსოფიის შესწავლას შეუდგა. პარალელურად საფუძვლიანდ დაეუფლა მარქიზმს. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, მენშევიკთა და ბოლშევიკთა დისკუსიებში მონაწილეობდა, რედაქტორობდა გაზეთ „ეკალს", ქუთაისში „სოციალ-დემოკრატიულ" ფურცელს.

1911-12 წლებში რუსეთის იმპერიაში რევოლუციური  გამოსვლები კვლავ  დაიწყო. იმ დროს გრიგოლი დააპატიმრებული იყო და ჯერ მეტეხის ციხეში იჯდა, ხოლო შემდეგ რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს, ბოლოს ვორონეჟის გუბერნიაში დასახლების უფლება მისცეს. იქ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და დაოჯახდა კიდეც. სამშობლოში 1918 წლის დასაწყისში დაბრუნდა, აქტიურად ჩაება ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში, ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საჯარო ლექციებში ამხელდა ბოლშევიზმს. დამოუკიდებელი საქართველოს  მთავრობაში გრიგოლ ლორთქიფანიძეს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირა, 1920 წელს კი სამხედრო მინისტრად დაინიშნა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობა დაეკისრა.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბათუმში გახიზნულმა მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ გრიგოლ ლორთქიფანიძეს მიანდო მოლაპარაკება რევკომის დელეგაციასთან. რევკომი ჟორდანიასგან კაპიტულციას მოითხოვდა, დამფუძნებელი კრება უარს აცხადებდა. ამ დავაში ლორთქიფანიძეს ის უფრო აწუხებდა, რომ ჩვენში მომხდარი არეულობით ოსმალეთმა ისარგებლა, თანდათან ზემოთ მოიწევდა და ბათუმის ოლქს იპყრობდა. გრიგოლ ლოთქიფანიძის პატრიოტული სულისკვეთება და ეროვნული შემართება კიდევ ერთხელ გამოჩნდა სწორედ რევკომის წარმომადგენენ მამია ორახელაშვილთან მოლაპარეკებების დროს, რაც ნათლად ჩანს 1921 წლის 17 მარტს ქუთაისში შედგენილ, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და რევკომის მოლაპარაკების ოქმის შემდეგი ამონაწერიდან:

"გრ. ლორთქიფანიძე: ... ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპულ ნიადაგზედ, რომ როგორიც უნდა იყოს საქართველო, იქნება მისი ხელისუფლება დემოკრატიული რესპუბლიკა თუ საბჭოთა წყობილება, ჩვენი მოვალეობა არის, მოვალეობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული, რომ ბათუმის ოლქი ყოველ შემთხვევაში დარჩეს საქართველოს, ვიმეორებ, როგორიც უნდა იყოს ის... საჭიროა, რომ მოინახოს საერთო საშუალება, რომელიც აგვაცილებს საფრთხეს, რომელიც მოელის საქართველოს მთლიანობას.

მ. ორახელაშვილი: ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, რომ ბათუმის საკითხი იქნეს განხილული კონფერენციის მიერ, მაგრამ ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.

გრ. ლორთქიფანიძე: დღეს ყველაზე დიდი საშური საკითხი და პირველ რიგში განსახილველი არის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნება".

აღნიშნული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, მენშევიკები ევროპაში წავიდნენ. მაგრამ სამხედრო მინისტრი მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა ბათუმში დარჩა და გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ბათუმი და აჭარა სამშობლოს შეუნარჩუნა, ხოლო შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ სოფელ ისრითს მიაშურა და გლეხურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მალევი გრიგოლ ლორთქიფანიძე ადგილობრივმა რევკომმა  საეჭვო პიროვნებად მიიჩნია და დააპატიმრა. ქუთაისიდან მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ სუზდალის საპატიმროში. სუზდალში პატიმრობისას მან დაწერა ესსე „ფიქრები საქართველოზე", რომელიც  მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს რუსეთის მიერ საქართველოს  დაპყრობის შესახებ.

1925 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, ამიტომ კურსკში დასახლდა და პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

1928 წელს ინდუსტრიალიზაციის წარმატებებით აღფრთოვანებულმა საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკამ გრიგოლს ნება დართო დროებით საქართველოში ჩამოსულიყო, მას მოატარეს მთელი საქართველო და სთხოვეს, გამოეთქვა თავისი შეხედულებანი სოციალიზმის მშენებლობის თაობაზე. გრიგოლ ლორთქიფანიძემ პირუთვნელად კარგიც აღნიშნა და მიუღებელზეც მიუთითა ცეკას. განსაკუთრებით მოითხოვა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზა. გრიგოლის რევოლუციამდელმა მეგობრებმა, მიხა კახიანმა და ლევან ღოღობერიძემ, ინანეს თავიანთი ასეთი დემოკრატობა. 1928 წლის ოქტომბრის პლენუმზე გამწარებული მიხა კახიანი გაჰკიოდა: "მოქ. ლორთქიფანიძის დახმარებაზე უარს ვამბობთ. იგი სრულიად არ გვჭირდება" და დანაპირები თბილისის უნივერსიტეტის ლექტორობის ნაცვლად ისევ გააძევეს საქართველოდან (გ. ლორთქიფანიძე კურსკში დაბრუნდა).

გადასახლებების და „ჩეკას" ჯურღმულების გადატანილი ტანჯვა-წამების მიუხედავად არ გატყდა გულანტებული პატრიოტის მეამბოხე გული. ის კვლავ განაგრძობდა ბრძოლას არსებული რეალობის წინააღმდეგ. 1929 წელს როცა მთელი საბჭოეთი ბელადის დაბადებიდან 50 წლისთავს ზეიმობდა, იუბილარმა კურსიკიდან მიიღო დეპეშა:"მოსკოვი. კრემლი. სტალინს. - დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ. რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა, რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებს და ბედის ცვალებადობას. შუა საუკუნეების რუს მეფეებს კრიტიკოსებად სალოსები ჰყავდათ. არ ვდგავარ რა ტრიუმფატორის უავგუსტოესი ეტლის ძარის უკან სატერფალზე და არც კარის სალოსი გახლავართ, რასაკვირველია, ასეთი იმუნიტეტის ქონას არ ვვარაუდობ, მაგრამ მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევიტანო ერთგვარი დისონანსი (სულ ერთია, მას მაინც არავინ გაიგონებს) იმ ხოტბა-დიდების ქოროში, რომელიც გარს გახვევიათ თქვენი ნახევარი საუკუნის დღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ა. შ., ბევრი ჩვენთაგანი მათ გულწრფელად გისურვებთ, მაგრამ მინდა მოგახსენოთ..." ამ "მაგრამ უნდა მოგახსენოთის" იქით სტალინის პოლიტიკის ისეთი კრიტიკაა, რომელსაც ძეხორციელი ვერ გაბედავდა და შესაბამისად სტალინის "ჭკუის მასწავლებელი" მეორე დღესვე ექვსი თვით ციხეში ჩაკეტეს და კურსკში გადასახლებულს ვორონეჟში სამი წლით იძულებითი ცხოვრება მიუსაჯეს.

1935 წელს სსრკ საბჭოების მეექვსე ყრილობაზე გადაწყდა "გამარჯვებული სოციალიზმის" კონსტიტუციის შემუშავება. იმავე წლის 24 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, სტალინს და წევრებს: მოლოტოვს, ლიტვინოვსა და რადეკს უგზავნის 36 გვერდის მოცულობის წერილს კონსტიტუციაში ეროვნულ საკითხებზე თავისი მოსაზრებებით. გრიგოლთან ერთად წერილს ხელს       აწერენ იმხანად ვორონეჟში     გადასახლებული ა. დგებუაძე და      კ. კანდელაკი. ამდენ ჭკუის სწავლებას ვინღა აპატიებდა და სწორედ მაშინ, როდესაც გადასახლების ვადა უთავდებოდა, 1936 წლის 21 დეკემბერს გამოუცხადეს, რომ მიესაჯა ახალი 5 წელი გამასწორებელ ბანაკებში. გრიგოლ ლორთქიფანიძე გაიგზავნა ციმბირის უმძიმეს ბანაკში, გორნოშორიაში რკინიგზის მშენებლობაზე.

საბჭოთა მესვეურებს მაინც არ ასვენებდათ შიში გრიგოლ რორთქიფანიძის წინაშე. 1937 წელს ქობულოვმა მოახსენა ბერიას, რომ ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას უთქვამს გრიგოლ ლორთქიფანიძეზე, საქართველოში ყველაზე საიმედო ძალად მიმაჩნიაო. შემდეგ ბერიას მიერ შეთითხნილი ბრალდებით იგი საქართველოში  ჩამოიყვანეს და ჩეკას საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც 1937 წლის 2 სექტემბერს ბერიასა  და ქობულოვთან დაკითხვის დროს გარდაიცვალა.

შეიძლება ითქვას, რომ XX ს-ის პირველ ნახევარში საქართველოს უფრო დიდი, უსპეტაკესი პიროვნება თითქმის არ ჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენს მრავალტანჯულ მიწაზე არცთუ ცოტა ღირსეული მოღვაწე, მამულიშვილი დადიოდა. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სამწლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დააყენა, რითაც საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთის ყოფილ კოლონიას საკუთარი თავის მართვა არა თუ შეუძლია, არამედ ევროპასა და მთელ სამყაროს პატარა ქვეყნის ღირსეული დამოუკიდებლობის თვალსაჩინო მაგალითი მისცა. ყოველივე ამის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგი, სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო. ის, ხომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაც სამშობლოში დარჩენილი, საქართველოზე ფიქრობდა და მისი უკეთესი მომავლისთვის იღწვოდა, გრიგოლ ლორთქიფანიძე ხომ სამშობლოს კეთილდღეობისათვის კელაპტარივით დადნა და დაიფერფლა.

გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ 1925 წელს სუზდალის საპატიმროში შექმნილი პოლიტიკური ტრაქტატიდან  - „პოლიტიკური ანდერძი" შეიძლება რამდენიმე ფრანგმეტის მოყვანა, რომლებიც დღესაც კი აქტუალურია ჩვენი სამშობლოსათვის. კერძოდ:

ზოგიერთი ჩვენი ეროვნული ნაკლოვანებანი (ფრაგმენტი "პოლიტიკური ანდერძიდან").

"ბეჯითად უნდა გვახსოვდეს ჩვენი სუსტი მხარეები, რათა მათთანაც განუწყვეტელი ბრძოლა ვაწარმოოთ. ქართველი ბუნებრივი ნიჭით უხვადაა დაჯილდოებული და ადვილად, თითქოს ამ კარგს თან ახლავს ცუდი სარჩულიც - ჩვენი გონებით მოვიზარმაცებთ, ადვილად, თითქოს ერთი თვალის გადაკვრით ვითვისებთ და ამიტომ სიღრმეს არ მივსდევთ, გონებრივ ნებისყოფას არ ვჭიმავთ; თითქოს მეტწილათ ტალანტიური დელიტანტობა და ერთგვარი ზერელობა ჩვენი დამახასიათებელია. ცალკერძა სპეციალისტობას თითქოს ცხვირს ვუბზუებთ. გვეადვილება სინთეზი და გაზოგადება, ანალიტიკური კირკიმალი და წვრილმანობა არ გვიყვარს... ჩვენი ინდუქცია უკუდოა. ჩვენი ემპირიზმი სულწასული და ნაჩქარევი... გვიყვარს ღიპერბოლები და გვემარჯვება დიდი მასშტაბები; სანტიმეტრებითა და მილიმეტრებით, გრამებითა და გრანებით ზომვა-წონა არ გვეხერხება. საერთოდ, ჩოთქისა და ანგარიშის ცოდნა და პედანტური ღწურობა არ არის ჩვენი დამახასიათებელი. თითქოს თბომატარებელი მასალისგან ვართ ნაკეთები: მალე ვთბებით, სწრაფად ვხურდებით, ჩქარა აღვიგზნებით, მაგრამ ასევე სწრაფად ვგრილდებით... კახურზე მალე გრძნობა გვათბობს, ადვილად მივენდობით და მივინდობთ... ვართ გადაჭარბებული ოპტიმისტები, მაგრამ იმავე დროს ისეთი გულდაკოდილი და ღრმა ტირილი და გლოვა ვიცით, რომელიც გვარღვევს და გვაუძლურებს. ჭირი და ლხინი, ქეიფი და ტირილი, ნაღველი და იუმორი, კრიმანჭული, ზარი და ბრძოლის ჰანგი - აი, რა არის თითქოს ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დამახასიათებელი... თითქოს შრომა, შრომა ყოველდღიური და პროზაული, იშვიათი და სხვათაშორისო რამ იყვეს, გვიყვარს... იოლი პარტიზანობა და მჩატე გაჯირითება ყოველგვარ ასპარეზზე. გვაკლია ბეჯითობა, დაჟინება, მუყაითობა, ფოლადი ნებისყოფაში, ვართ ერი-პოეტი ყველგან".

ქართველი და ზღვა (ფრაგმენტი "პოლიტიკური ანდერძიდან").

"მაშინ დაეცა საქართველოს საბედისწერო ლახტი, როდესაც მისი დიდი სატრანზიტო არტერია - შავი ზღვიდან არტანუჯ-არტაანის რაიონზე აღმოსავლეთისკენ - ჩახშობილ და მოჭრილ იქნა მტრის მიერ საშუალო საუკუნეებში. საქართველო უნდა სცდილობდეს, რომ ეს მისი გეოგრაფიული მდგომარეობა სავსებით გამოყენებულ იქნას. ის არ უნდა გამოვიდეს იმ ბეც და წვრილმან მებაჟის როლში, რომელიც თავის წვრილმანი ჭინჭყლაობით და წარმავალი ანგარიშით ამოქოლავს და დააცუდებს თავის ხიდის ყურს. ფართო, თავისუფალი და მაქსიმალური გარანტიით უზრუნველყოფილი ტრანზიტი ყოველმხრითა და ყოველ მიმართულებით - აი, რა უნდა იქნეს საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი ძარღვი. ამასთან ერთად, ყოველმხრივ ხელის შეწყობა და შემსუბუქება სჭირდება სხვა და სხვა დიდი მნიშვნელობის ასეთი სატრანზიტო გზების გაყვანას, როგორიცაა ბათუმ-არტაან-ყარსი (თუ არტაანი ჩვენი იქნა, თუ არადა - ხულო-ახალციხე-ახალქალაქი-გუმბრი)-ჯულფა...

შავ ზღვას... უნდა შევეჩვიოთ და დავუძმობილდეთ; დროა, ვისწავლოთ ცურვა, თორემ საკაცობრიო კულტურამ გაიარა სამდინარო, საზღვაო, საოკეანო კულტურის პერიოდები და კინაღამ საჰაერო ოკეანის სტადიაში გადადის, და ჩვენ კი, ასე ვთქვათ, პალიასტომის ეპოქაშიც კი არ შევსულვართ მგონი...

მით უმეტეს უნდა დავუმეგობრდეთ ზღვას, რომ ჩვენთვის დიდი ხანია გადაწყვეტილია ერთი ძირითადი საკითხი - კულტურული ორიენტაცია ევროპაზე".

                                 შალვა მაღლაკელიძე

shalva maglakelidze(1893-1976)

 ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური შალვა მაღლაკელიძე დაიბადა 1893 წელს სოფელ დიხაშხოში (ვანის რაიონი).

ქუთაისის ქართულის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბერლინის უნივერსიტეტში, იყო ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში. მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს მთავრობაში, კერძოდ -    თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საგანგებო რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებისათვის სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე, ახალქალაქი), ხოლო 1919-1920 წლებში გახლდათ თბილისის  (აღმოსავლეთ საქართველოს)გენერალ-გებერნატორი.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება "ივერია" რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას "კავკასიური საზოგადოება" დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება. როგორც საზოგადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

1934 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრატულ ორგანიზაციებს: "ორნატი", "თეთრი გიორგი" და "ქართლოსი"

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942-1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი).

1938 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად მიუნხენში დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა". იმავე წლის აგვისტოში  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  აგენტებმა შეიპყრეს და საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს.

შალვა მაღლაკელიძე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა 1976 წელს.

                                კირილე ლორთქიფანიძე

kirile lortqifanidze(1839-1919)

 კირილე ბჟანის-ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1839 წლის 10 ოქტომბერს სოფელ დიხაშხოში (ვანის რაიონი).

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი კ. ლორთქიფანიძე ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იგი 1861 წელს სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილოებისათვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ის ამავდროულად იყო „თერგდალეულთა" ჯგუფის აქტიური წევრი.

XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიცისტრურ-კრიტიკულ სტატიებში კირილე ლორთქიფანიძე ავითარებდა იმ ეპოქის მოწინავე იდეებს. სხვადასხვა დროს იყო „დროების", „კრებულის" და „შრომის" რედაქტორი. კირილე ლორთქიფანიძე გახლდათ ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, 1894-1904 წლებში იყო ქუთაისის სადგილმამულო ბანკის დირექტორი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი. ის იყო „პეტერბურგის ქართული წიგნის ამხანაგობის"     ერთ-ერთი    დამაარსებელი.            კ. ლორთქიფანიძემ შექმნა ახალი ქართული შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია და ამჟამადაც გამოიყენება.

მან 1864 წელს პეტერბურგში გამოსცა ალმანახი „ჩონგური", ხოლო 1869 წელს კი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!". ქართულად თარგმნა ჰ. ჰაინეს, ვ. ფიუგოს,    ნ. ნეკრასოვის, ნ. დობროლიუბოვის, რ. ბერნსის, ჰ. ბიჩერ-სტოუს და სხვათა ნაწარმოებები, რითაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ქერთველების მსოფლიო კულტურასთან ზიარების საქმეში.

კირილე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის რომანტიკური ხასიათის ლექსები. წერდა ფსევდონიმებით: „თერგდალეული", „თომა კარგარეთელი, „უცხო" და „კილოკავაძე". 

ის ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ნიკოლაძესთან და აკაკი წერეთელთან. სულმნათი აკაკი თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი" შემდეგნაირად იხსენებს სტუდენტობის პერიოდში მისი და კ. ლორთქიფანიძის ურთიერთობას: „...კირილე ლორთქიფანიძეს, ის ყველას საყვარელი იყო და კარგი რამაც, მაგრამ საოცარი ჟინიანი! ასე რომ მისი ჟინიანობა სიგიჟესა ჰგავდა ხოლმე. აი, ამ ორ ახალგაზრდასთან მოვიბრუნებდი ხოლმე სულს. სტუდენტობის დროს და სხვებს კი ყველას ჩამოვშორდი. ამ ჩამოშორებით ბევრი არა წამიგია რა. პირიქით კიდევაც მოვიგე, რომ დროს არ ვკარგავდი ლაყბობაში და კეთილად ვხმარობდი".

ღვაწლმოსილი და სამშობლოს ერთგულებით დამაშვრული კირილე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1919 წლის 12 მაისს ქ. ქუთაისში.

                                       კარლო ინასარიძე

karlo inasaridze(1919-2007)

 მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე კარლო ინასარიძე  1919 წლის 15 ნოემბერს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ კუშუბოურში.

მან 1937 წელს მან დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. 21 წლის ახალგაზრდა 1940 წლის 7 მაისს, როცა ის მესამე კურსის სტუდენტი იყო  „წითელ არმიაში" გაიწვიეს. ერთი წლის შემდეგ კი "ვერმახტის" ტყვედ ჩავარდა, სადაც ბევრი ქართველის მსგავსად, ისიც სიკვდილს გადაურჩა და ახალ შექმნილ "ქართულ ლეგიონში" ჩაერთო. „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვითვლებოდი „არასასურველ პირად" „ბოლშევიკებისათვის", რაც გზას მიღობავდა სამშობლოსაკენ" - მწუხარებით იხსენებდა ბატონი კარლო. ალბათ ამის ბრალიც იყო, რომ ტყვეთ ჩავარდნის შემდეგ ის იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა და მხოლოდ 56 წლის შემდგომ შეძლო სამშობლოში დაბრუნება.

ომის დასრულების შემდეგ მიუნხენში განაგრძო კინოს, თეატრისა და ფილოსოფიის შესწავლა, მოგვიანებით მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც. კარლო ინასარიძემ სადოქტორო დისერტაცია იურისპუდენციაში დაიცვა 1951 წელს მიუნხენში, რომელიც რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ეძღვნებოდა.

ის 1953 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რადიო „თავისუფლების" ქართულ რედაქციაში, აღნიშნული რადიოსადგურის საშუალებით იგი „თაბოროძის" ფსევდონიმით ათეული წლის განმავლობაში ესაუბრებოდა საქართველოს. 1963-დან 1984 წლამდე კი თავად  ხელმძღვანელობდა "თავისუფლების" ქართულ რედაქციას. იყო ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1953 წლიდან პერიოდულად გამოსცემდა პარტიის ჟურნალ „მესამე დასსა" და „მებრძოლ საქართველოს". არის არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, პუბლიკაციისა თუ რადიოგადაცემის ავტორი, რომელთა მთავარი თემა საქართველო და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ემიგრაციულ ჟურნალ „თანამემამულის" დაარსებაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ადრე დატოვა სამშობლო, არასდროს დაუკარგავს იმედი სამშობლოში დაბრუნებისა და მთელი სიცოცხლე ქართულ საქმის კეთებას შესწირა. ის მუდმივად ცდილობდა საქართველოსათვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა. სწორედ მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე.წ. "ვალასის წყარო", რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშვენებს, ხოლო საკუთარი სოფლის კუშუბოურის გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის "მოაზროვნის" პარიზში ჩამოსხმული ასლი.

კარლო ინასარიძე ოჯახთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა, მაგრამ ის საფრანგეთში ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და დიდი მოამაგე იყო. ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. ის იყო უკანასკნელი მოჰიკანი იმ თაობისა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრება საზღვარგარეთ გაატარეს. თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია ეკეთებინათ თავინთი სამშობლოსათვის სასიკეთო საქმე. სწორედ მისი ანდერძის შესაბამისად გადმოეცა საქართველოს (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს) არქივი, რომრელიც მოიცავს არა მხოლოდ  კარლო ინასარიძის პირად არქივს, არამედ არის წლობით ნაგროვები მასალა ევროპელი ემიგრანტებისა, რაც პირადი ძალისხმევითა და რუდუნებით არის თავმოყრილი.

საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის,  კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

კარლო ინასარიძე გარდაიცვალა 2007 წლის 24 ივლისს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

                   განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

(1864-1929)

განდეგილი-დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს  სოფ. სალომინაოში (ან ამაღლება), ახლანდელი ვანის რაიონი.

დომინიკა ერისთავი XIX საუკუნის 90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში  წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო" ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა 1893 და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იგი პირველი კორექტორი ქალი იყო); ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა", "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვა). პატრიოტული მოთხრობის "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე (1897) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა.

განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი", "სახალხო ფურცელი", 1926, № 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის თვალსაჩინო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა "შეჩვენებული"). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი "პოეტი", "დილა", "არა, არ ვსტირი", მე მიყვარს ჩემი სამშობლო", "საცოდავო დედაჩემო", "ნ. ორბელიანს" და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც. თარგმნა ჰ. ჰაინეს, კ. რილეევის, მ. გორკის, ი. ტურგენევის, ა. კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა 1898-1899 "კვალში", ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ი. ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც; დაწერა მრავალი ორიგინალური და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.

დომინიკა ერისთავი (განდეგილი) გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში.

                დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე, ცნობილი ქართველი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, დაიბადა 1905 წლის 4 (18) მარტს ვანის რაიონის სოფელ სალხინოში. 9 წლის იყო როცა მამა გარდაეცვალა და იზრდებოდა ობლობასა და სიღარიბეში. 1912 წელს  ის შეიყვანეს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, 1918-1921 წლებში სწავლობდა ვანის ახლადგახსნილ გიმნაზიაში, ხოლო 1923 წელს დაამთავრა თბილისის მე-3 ჰუმანიტარულ-ტექნიკური (ყოფილი ქართული) გიმნაზია. 1923 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.

65 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. მან განვლო გზა დაწყებითი სკოლის მასწავლებლობიდან აკადემიკოსობამდე. 

დავით ლორთქიფანიძე 1937 წლიდან გარდაცვალებამდე, ნახევარი საუკუნის მანძილზე, მუშაობდა თბილისის უნივერსიტეტში. დოცენტად (1937-1948 წ.წ.), პროფესორად (1943-1963 წ.წ.), პედაგოგიკის კათედრის გამგედ (1963-1985 წ.წ.), პროფესორ კონსულტანტად 1985 წლიდან. 1944 წელს მოსკოვის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

დავით ლორთქიფანიძე იყო საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის  მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1947-1960 წ.წ.).

დავით ლორთქიფანიძემ, პირველმა ქართველმა, დაიცვა პედაგოგიკის დარგში საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები თემებზე-, ,იან ამოს კომენსკის დიდაქტიკა" და ,,კ.დ. უშინსკის პედაგოგიური მოძღვრება". ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია და საერთოდ პირველი დისერტაცია საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.

დავით ლორთქიფანიძე ასევე პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც არჩეულ იქნა პედაგოგიკის სპეციალობაში საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად (1968წ.) და ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად (1974წ.).

დავით ლორთქიფანიძე, როგორც კომენიოლოგი ბრატისლავის კომენსკის და პრაღის კარლოსის სახელობის უნივერსიტეტების სენატების მიერ არჩეულ იქნა ამავე უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად (1969-1970.).

1925 წ. გამოქვეყნდა მისი პირველი ბროშურა თემაზე - ,, გოგია უიშვილი, ლიტერატურული გასამართლება".

1929-1936 წ.წ. ლუკა ციხისთავთან, შალვა სიხარულიძესთან და ბახტაძესთან  თანაავტორობით გამოდის 2 წიგნად ,,კლასთან ბრძოლის ისტორია"  სახელმძღვანელო ათწლედებისა და ტექნიკუმების უფროსი კლასებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე ავტორია 200-ზე მეტი ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობითაა გამოცემული ი. გოგებავილის თხზულებათა ათტომეული, პედაგოგიკის კურსის ორიგინალური სახელმძღვანელო. მას ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული დიდაქტიკის სფეროში. მისი ნაშრომი ,,სწავლების პრინციპები, ორგანიზაცია და მეთოდები" გამოცემულია მოსკოვსა და პრაღაში.

დავით ლორთქიფანიძე იყო ქართული ენციკლობედიის მთავარი რედაქციის წევრი და სახალხო განათლების სექციის თავმჯდომარე. იყო სამი პირველი პრემიის ლაურეატი.

აღსანიშნავია, რომ  დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1933 წელს როცა ის ვანის რაიონის განათლების განყოფილების გამგე იყო რაიონის ცენტრში - ვანში რაიონის ყველა სოფლის მშობელთა მიერ გაღებული სახსრებით და შრომითი მონაწილეობით აგებული იქნა სკოლის ორსართულიანი კაპიტალური შენობა. მისივე ხელმძღვანელობით სოფელ სალხინოში დაწყებითი ოთხწლიანი სკოლა 1933 წელს გადაკეთდა შვიდწლედად.

დავით ლორთქიფანიძემ საკუთარი სახსრებითა და თავისი უბნის მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით სოფელ სალხინოში მდინარე სულორზე 1956 წელს ააგო სამთვლიანი წისქვილი „სიკეთე".  

მას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები: 2 ,,შრომის წითელი დროშის ორდერი",  ,,ხალხთა მეგობრობის ორდერი", საპატიო ნიშნის ორდერი", აგრეთვე მრავალი მედალი, სიგელი და სხვა როგორც რესპუბლიკური ასევე საკავშირო.

ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით  დავით ლორთქიფანიძე არჩეულია ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქედ.