ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის ანტიკური კოლხეთის ქალაქ-ტაძარი

ვანი დასავლეთ საქართველოში (ისტორიულ კოლხეთში) მდებარეობს, მდინარე სულორის რიონთან შეერთების მახლობლად. სახელწოდება ,,ვანი“, რაც ძველ ქართულში ნიშნავდა ,,სახლს“, ,,სადგომს“, ,,დაბას“, ,,საცხოვრებელს“, წერილობით წყაროებში მხოლოდ მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან გვხვდება. მას მოიხსენიებენ, მაგალითად, გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი, ,,ვანის ოთხთავის“ მინაწერი, მაგრამ არა დღევანდელი ვანის, არამედ მისგან 7-8 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოფელ ზედა ვანის აღსანიშნავად. მე-18 საუკუნის ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ამ მხარეს ძველად საჩინო ეწოდებოდა (ე.ი. ,,გამორჩეული“, ,,მნიშვნელოვანი“, ,,შესანიშნავი“). ვანი და მისი შემოგარენი მართლაც გამორჩეულია არა მხოლოდ ლამაზი ბუნებითა და ნაყოფიერი მიწით, არამედ სხვა ისეთი ღირსშესანიშნაობებითაც, როგორიცაა: ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია, ოდესღაც ფრესკებით მორთული; სოფელი ჭყვიში, სადაც დაიბადნენ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეები და სადაც მათი სახლ-მუზეუმებია მოწყობილი. საკუთრივ ვანის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალია.
ძველი ქალაქი გამოვლენილია დღევანდელი დასახლების განაპირას მდებარე მაღალ ბორცვზე, რომელიც ახვლედიანების გორის სახელითაა ცნობილი. ეს დასახელება უკავშირდება მე-18 საუკუნეში აქ ჩასახლებულ ახვლედიანების გვარს. სამოსახლოდ შერჩეული ადგილი მეტად მოხერხებული ჩანს როგორც სტრატეგიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯერ ერთი, ის ბუნებრივად არის დაცული ორი მხრიდან საკმაოდ ღრმა ხევებით და ამავე დროს აკონტროლებს რიონის მთელ ველს და აქვე გამავალ სავაჭრო გზებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი, საფუძვლად დაედო ცნობილ აბრეშუმის გზას. გარდა ამისა, ბორცვის ძირში გაშლილი ველი მეტად ნაყოფიერია. ამაში კი დიდ როლს ასრულებს რიონის შლამი, რომელიც აზოტითა და ფოსფორით სიმდიდრის გამო განსაკუთრებული განაყოფიერებელი მნიშვნელობისაა მარცვლეული კულტურებისთვის. საძოვრების სიახლოვეს კი მესაქონლეობის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი.



ვანის შესწავლის ისტორია

ვანის სიძველეების შესწავლას უკვე საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი ცნობა მათ შესახებ მე-19 საუკუნის 40-იან წლებს მიეკუთვნება. მოგვიანებით გაზეთ ,,დროებაში“ გაჩნდა ინფორმაცია ვანელთა მიერ ოქროს ნივთების ხშირად პოვნის თაობაზე. ვანის აღმოჩენენბის შესახებ 1881 წელს მოხსენდა თბილისში გამართულ არქეოლოგიურ ყრილობას. 1896 წელს კი აქ პირველი მეცნიერული გათხრები ჩაატარა აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც დიდი აღმოჩენები იწინასწარმეტყველა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გაჩაღებულმა მსოფლიო ომებმა და რუსეთის რევოლუციებმა შეაფერხა ვანის შემდგომი შესწავლა. ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია შეიქმნა 1947 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. მისი პირველი ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია იყო. 1966 წლიდან 2002 წლამდე ექსპედიციას სათავეში ედგა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე. ამჟამად ვანის ნაქალაქარზე მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია.

ვანის
მუზეუმ-ნაკრძალი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი შეიქმნა 1981 წელს, მუზეუმი კი 1985 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი იყო აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე, რომლის სახელსაც ის ატარებს დღეს. შენობა აიგო არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. 2006 წლიდან ვანის მუზეუმი შევიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში. მუზეუმის კოლექციებში წარმოჩენილია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. დღეისათვის საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში დაცული 22 000-ზე მეტი ექსპონატია.
ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის და ფართო საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ამის გამოხატულებაა ვანში აღმოჩენილი ნივთების წარმატებული საგამოფენო ტურნე ევროპისა და ამერიკის ცნობილ მუზეუმებში.
ვანის მუზეუმში მოწყობილი ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს ვანსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი ძეგლების გამოფენას. მუზეუმს აქვს მდიდარი სამეცნიერიო ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი, სადაც რეგულარულად ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმები, მიძღვნილი შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის პრობლემებისადმი.


რა ერქვა ვანს ძველად

ვანის ნაქალაქარის სახელწოდების შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. უფრო მიღებული ჩანს ორი მოსაზრება: ნინო ხოშტარიას მიერ ძველი ვანის პლინიუსისა (ბუნების ისტორია, 6, 2, 13) და პტოლემაოსის (გეოგრაფია, 5, 9, 6) მიერ ნახსენებ სურიუმ/სურიონთან გაიგივება; ოთარ ლორთქიფანიძის ვარაუდი მისი სტრაბონთან ნახსენებ ლევკოთეას სამლოცველოსთან (გეოგრაფია 11, 2, 17) იდენტიფიცირების შესახებ.

ნაქალაქარზე აღმოჩენილ ბერძნულ წარწერაში ნახსენები ტოპონიმი ,,სურისი“ თითქოს მხარს უჭერს სურიუმ/ სურიონის ვანთან იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, მაგრამ წარწერის ფრაგმენტულობა და მასში კიდევ ერთი (შეიძლება ორი) ქალაქის დასახელება აძნელებს ამგვარი გაიგივების უყოყმანოდ გაზიარებას.



ძველი ქალაქის ისტორია

მრავალწლიანი შესწავლის შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მოწმობს ქალაქის უწყვეტ არსებობას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე - ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან 1 საუკუნის შუახანებამდე. ძველი ვანის ისტორიაში ოთხი პერიოდია გამოყოფილი. პერიოდიზაცია დაფუძნებულია იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომლებიც დასტურდება წარმოების სხვადასხვა სფეროში, დაკრძალვის წესებში, ურთიერთობებში გარე სამყაროსთან, აგრეთვე სტრატიგრაფიულ მონაცემებზე; განსაზღვრულია დასახლების ფუნქცია მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე.
უძველესი პერიოდი მოიცავს ძვ.წ. მე-8 მე-7 საუკუნეებს. ამ დროის ვანი რეგიონის საკულტო ცენტრად ივარაუდება. ამ პერიოდს მიეკუთვნება ცენტრალურ ნაწილში გათხრილი ორი საკულტო კომპლექსი და ცალკეული აღმოჩენები ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე. საკულტო კომპლექსიდან ერთი-უხეშად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებით ნაგები - საკურთხევლად არის განსაზღვრული. მეორე კომპლექსს 90 კვ. მ ფართობი ეკავა და გამოირჩეოდა თიხის ჭურჭლისა და მცირე საკურთხევლების, აგრეთვე ტერაკოტული ქანდაკებების ფრაგმენტების განსაკუთრებული სიმრავლით. აქვე წარმოდგენილი იყო ხის ნაგებობის შელესილობის ფრაგმენტები და ცხოველთა ძვლები. შეინიშნებოდა ძლიერი ცეცხლის კვალი ძირითადად ნაცრის სახით. განსაკუთრებულ ყურადრებას იქცევს ფანტასტიკური არსებების ტერაკოტული ქანდაკებები .
მეორე ეტაპზე - ძვ.წ. მე-5-მე-4 საუკუნის შუახანებში - ვანი გვევლინება კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრად. ამ პერიოდში ათვისებულია დასახლების მთელი ფართოფბი და მოპოვებული მასალა მრავალრიცხოვანია და მრავალფეროვანი. კერძოდ, ეს პერიოდი წარმოდგენილია ხის ტაძარ-სამლოცველოებით, კლდეში ნაკვეთი საკურთხევლებით, მდიდრული სამარხებით, მძლავრი კულტურული ფენებით. და მაინც ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ოქრომჭედლობის ძეგლებია, უპირატესად სამკაულები: დიადემები, მრავალფეროვანი სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები და სხვ. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ვანში აღმოჩენილი ოქროს სამკაულები ხასიათდება მკაცრი სტილისტური ერთიანობით, რაც იმის თვალსაჩინო მოწმობაა, რომ ისინი ერთი მხატვრული სკოლის ნაწარმია. მათ ადგილობრივ, კოლხურ წარმომავლობაზე მიუთითებს მხატვრული ფორმების ორიგინალობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ვანის ოქრომჭედლობის ნიმუშებზე ასახულია კულტურული ურთიერთობანი ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ძველი აღმოსავლეთის თანადროულ ცივილიზაციებთან. სწორედ ვანის ამ აღმოჩენებმა აქცია რეალობად ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობები კოლხეთის ოქრომრავლობის შესახებ.
მე-3 პერიოდს, რომელიც ძვ.წ. მე-4 საუკუნის მეორე ნახევრითა და მე-3 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, მიეკუთვნება მონუმენტური კედელი, რიყის ქვით ნაგები კომპლექსი, საკურთხევლები, თიხა-ზვინული, მდიდრული სამარხების სერია, კულტურული ფენები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრინჯაოსა და რკინის მცირე ზომის ფიგურები, საგანგებოდ დაკრძალულები სამლოცველოში ან მათ სიახლოვეს. ამ პერიოდის ადგილობრივ მატერიალურ კულტურაში კონტინუიტეტი დასტურდება წინამორბედი პერიოდის მსგავსად, თუმცა ცალკეულ ელემენტებში ინოვაციები აღინიშნება. ჩვენს ხელთ არსებული მასალა გვიჩვენებს ბერძნული კულტურის გავლენას სამშენებლო საქმეში, ხელოსნურ წარმოებაში, დაკრძალვის წესებში. პირველ რიგში ესაა ახალი კერამიკული ფორმების (განსაკუთრებით ამფორის) გაჩენა, მონეტის ჩატანება მიცვალებულისათვის. აღსანიშნავია ბერძნული ენისა და დამწერლობის გამოყენება ადგილობრივ ოფიციალური ხასიათის დოკუმენტში - სატაძრო საკანონმდებლო წარწერაში და აგრეთვე კოლხური კრამიტების სამეფო დამღებზე. ამავე დროს ბერძნული გავლენა ზედაპირულ ხასიათს ატარებს და ძირითადად მხოლოდ საზოგადოების ზედა ფენას შეეხო.
მკვეთრი ცვლილებები ნაქალაქარზე იწყება ძვ.წ. მე-3 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც წყდება საზოგადოების ზედა ფენების წარმომადგენელთა დასახლების ფარგლებში დაკრძალვის პრაქტიკა, იგი იცვლის ფუნქციას და იქცევა გამოკვეთილ საკულტო ცენტრად. ბორცვი მძლავრი თავდაცვითი კედლებით მაგრდება; შენდება კულტთან დაკავშირებული ნაგებობები (ტაძრები, სამლოცველოები, საკურთხევლები, სამსხვერპლო მოედნები). მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ამ დროის ვანს სატაძრო ქალაქად მიიჩნევენ. ამ პერიოდის მონაპოვარში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ბრინჯაოს ქანდაკებების კოლექციას. კოლექციის თვალი კი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსია, რომელიც ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტურ სტილს მიეკუთვნება, ორიენტირებულს მკაცრ სტილზე. უეჭველია, რომ ქანდაკებების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივადაა დამზადებული. საქმე ისაა, რომ ნაქალაქარზე გათხრილია იმდროინდელი ბრინჯაოს ქანდაკებების სამსხმელო. ვანის უკანასკნელი (2007წ.) დიდი აღმოჩენა ქალაქის არსებობის უკანასკნელ პერიოდს უკავშირდება. ეს გახლავთ ბრინჯაოსა და რკინის ნივთების შემცველი განძი, ჩაფლული კლდეში ნაკვეთ ორმოში ქალაქის დანგრევის შემდეგ ძვ.წ 1 საუკუნის შუახანებში განძის შემადგენელი ნივთები (რკინის კანდელაბრები, ბრინჯაოს ჭრაქები, სასაკმევლე, სადგარები, დიდი ზომის ტაშტისებური ჭურჭელი, რკინის შუბისპირები და სხვ.) სავარაუდოდ სატაძრო ინვენტარსა და შეწირულობას წარმოადგენდა.
ძველი ვანი ძვ.წ. 1 საუკუნის შუახანებში დაინგრა მტრის შემოსევის შედეგად. რომაული და შუა საუკუნის მასალების ცალკეული აღმოჩენები მოწმობენ, რომ ცხოვრება ბორცვზე არ შეწყვეტილა, თუმცა დასახლებამ ძველი მნიშველობა დაკარგა.


უკანასკნელ წლებში ვანის აღმოჩენები
წარმოდგენილი იყო შემდეგ მუზეუნებში

,,ოქრომრავალი კოლხეთი: მითი და რეალობა" თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მარტი 2005 - დეკემბერი 2006
,,მედეას ოქრო" Altes Museum, ბერლინი, გერმანია. თებერვალი-ივნისი 2007
,,მედეას ოქრო", აზიური ხელოვნების მუზეუმი, ნიცა საფრანგეთი. ივნისი -სექტემბერი 2007
ფულის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი. სექტემბერი - ნოემბერი
არტურ მ. საკლერის გალერეა, სმითსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი, აშშ. დეკემბერი 2007 - თებერვალი 2008
ძველი სამყაროს შემსწავლელი ინსტიტუტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ნიუ- იორკი. აშშ. მარტი - ივნისი 2008
ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონი, აშშ. ივნისი - სექტემბერი 2008
ფიცვილიამის მუზეუმი, კემბრიჯი, ინგლისი. ოქტომბერი 2008-იანვარი 2009
ბენაკის მუზეუმი, ათენი, საბერძნეთი. იანვარი - აპრილი 2009
ჰოლ გეტის მუზეუმი, ლოს ანჟელესი, აშშ. ივლისი - ოქტომბერი 2009
ხმელთაშუაზღვისა და წინა აზიის კულტურების მუზეუმი, სტოქჰოლმი, შვედეთი. ნოემბერი 2009 - თებერვალი 2010
დრენტ მუზეუმი, ასენი, ჰოლანდია. თებერვალი - აგვისტო 2010
სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი, სევილია, ესპანეთი. მაისი - ივნისი 2010