ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

ჩვენს შესახებ

ვანი

ვანი დასავლეთ საქართველოში იმერეთის სამხრეთ-დასავლეთით არსებული ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული და უმშვენიერესი ხალხით დასახლებული რაიონია. თვით ქ. ვანი (რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი) მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის უახლოესი  სადგურიდან 19 კმ-ზე. ჰავა - ზღვის ნოტიოვანი სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9°C, იანვარი 4,1°C, ივლისი 23,4°C. ნალექები 1380 მმ წელიწადში.

აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაღდათი, დასავლეთით - სამტრედია და ჩოხატაური, სამხრეთით - ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - წყალტუბოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტები. ფართობი 557,9  კვმ.  ვანის მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი  (ვანი) და 20 თემი (ამაღლება, ბზვანი, გადიდი, გორა, დიხაშხო, ზეინდარი, სალომინაო, მუქედი, სალხინო, საპრასია, ზედავანი, სულორი, ტობანიერი, უხუთი, ფერეთა, ყუმური, შუამთა ციხესულორი, ძულუხი, მთისძირი).

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში.  ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლაც მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი,  ბზვანი). ვანის ქალაქობის პერიოდში ორი უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:

ძვ. წ. VI-IV სს. და ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი - ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

მეორე ეტაპიდან ე.ი ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ერა ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურებულა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს ჯერ კიდენ XIX საუკუნეში  მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა შესანიშნავი ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში  ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც ,,საჩინოს" ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (სამწუხაროდ ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია).  მარი ბროსეს აღწერით ქანდაკება იყო - ,,მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა  და სარდონიკული სიცილით" (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ. გვ. 281). ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი "დროება" წერდა: "აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე..." სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები ქალაქის ტერიტორიაზე, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.

ძველი ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი განლაგებულია ქ. ვანის მიმდებარედ არებულ ბორცვზე  და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს. აღნიშნულ გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და შორს სვანეთის მთებიც. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე.  აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან გურიისაკენ მიემართებოდა. შესაბამისად სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთი  სტრატეგიული დანიშნულების ადგილზე აიეტს - მზის ღმერთის ჰელიოსის ძეს თავისი სატახტო ან სამისნო ქალაქი ჰქონდა, რა მოხდა თუ წყაროებში ქალაქი,,აია კუტაია" მოიხსენიება და არსად ჩანს სახელი ,,საჩინო" და ,,ვანი".

ანტიკური პერიოდის ვანში მაღალგანვითარებული საქალაქო დასახლება, თავისი ინფრასტრუქტურით არსებობდა ძვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის ჩათვლით. არქეოლოგიური კვლევების შედეგად ვანში აღმოჩენილია ზემოაღნიშნული პერიოდის ქალაქის კარიბჭე და გალავნის კედლები, საკულტო და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი, წარჩინებული ქალისა და მამაკაცის მდიდრული სამარხები - ოქრომჭედლობის უნიკალური ძეგლები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, კოლხური მეურნეობის მრავალფეროვანი ნიმუშები, შემოტანილი ნაწარმი, რამაც თვალსაჩინო გახადა ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების დონე. დიდი ზომის ქვევრები, შედარებით მომცრო დერგები, მრგვალი ქოთნები, დოქები, სხვადასხვა სასმისები, ტიპიური კოლხური ჭურჭელი ნათლად მეტყველებს, რომ აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა-მეღვინეობა (ტყუილად კი არ ეძახიან საქართველოს დიონისურ ქვეყანას). ფრიად საყურადღებოა ლომის თავები, ლომი ხომ დამახასიათებელია  როგორც წინარექრისტიანული, ასევე ქრისტიანული ხანის ქართული საკულტო ნაგებობებისათვის. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენს უშორეს წინაპრებსაც ჰქონდათ ცოდნა, რომ საქართველო ლომის ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია. ასევე ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი კრამიტის სწორი ფილები, სპეციალური გადაბმის ღარებით, თანამედროვე კრამიტი თითოეულში ალბათ ოთხიც კი გამოიჭრება, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა - თიხისა და ჩალა-ბალახის ნაზავი - ძლიერ ხანძარს გადარჩენილი მკვრივი ფილები. უზარმაზარი ჭურჭლის დეტალები. ჭურჭელი არწივის კლანჭების გამოსახულებიან სადგარზე მდგარა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ჭურჭლის ბრინჯაოს ქანდაკებაა - ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე, ძნელია თვალი მოაცილო მას და ასევე ჭურჭლის სხვა მოსართავ ნაწილებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის ღმერთის-დიონისეს წრის ღვთაებას გამოსახავს.

ვანში გათხრილი სამარხები უნიკალურია იმითაც, რომ აქ ჩატანებული ინვენტარი გამოირჩევა რკინის იარაღის არაჩვეულებრივი სიმრავლით. ამ მხრივ მას მსოფლიოში ცნობილი სკვითური სამარხებიც ვერ შეედრება. ბერძენთა სამარხებში იარაღის ჩატანება საკმაოდ იშვიათია, აქედანაც ბათილდება ის მოსაზრება, რომ თითქოს ეს ადგილი ბერძენთა საცხოვრისი იყო და არსებული ცივილიზაცია არაქართველური მოდგმის ტომებს ეკუთვნოდათ.

ყოველივე მოწმობს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფო და სოციალურად დიფერენცირებული კლასობრივი საზოგადოება არსებობდა, რაც არის მიზეზი იმისა, რომ ისეთი მაღალგანვითარებული კულტურის მქონე ერის შვილები როგორებიც ძველი ელინები იყვნენ სწორედ კოლხეთში მოემართებოდნენ სიბრძნის ანუ ოქროს საწმისის წასაღებად. ოქროს საწმისი ხომ უპირველესად ცოდნის, სიბრძნის, სიუხვის მატარებელი უზენაესი სიმბოლოა.

ვანის ეს დალოცვილი უძველესი მიწა ის ადგილია, რომელსაც აიეტისა და მედეას ნატერფალები დღესაც ემჩნევა, საიდანაც გმირმა იაზონმა გაიტაცა ოქროს საწმისი და უმშვენიერესი მედა. ეს არის ჩვენი წარსული, რომლითაც ამაყობს არა მარტო ვანი არამედ მთელი საქართველო. საბედნიეროა, რომ ჩვენს რაიონს საამაყო მხოლოდ წარსულით არა აქვს, რადგანაც ვანის კურთეულ მიწას არაერთი მამულიშვილი აღუზდია, რომელთა ღვაწლიც განუზომელია საქართველოს ისტორიაში და მათით დამსახურებულად ამაყობს თითოეული ვანელი.

ბუნება,  რელიეფი. ვანის რაიონის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალათა, სამხრეთ იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი და იმერეთის დაბლობი. მესხეთის ქედი, რომელიც შედის მდინარე ხანის წყლის და მდინარეების სუფსისას და ხევისწყლის წყალგამყოფთა ფარგლებში, აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუა ეოცენური  ანდეზიტებით, ტუფბრექჩიებით, ტუფებით და ნაწილობრივ თიხიანი ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ქედის უმაღლესი მწვერვალია მეფისწყარო (2851) მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ განშტოებაა ლობოროტის ქედი (მწვ. დიდი ლობოროტი 2730 მ, მწვ. მცირე ლობოროტი 2415 მ), რომელსაც გამოეყოფა გურიისა (ნიგოითის) და შუაგორის შტოქედები. ამ ქედების ჩრდილოეთი კალთები,  აგრეთვე ღრმა და ვიწრო ხეობები ვანის მუნიციპალიტეტის სამხრეთ მთიან ნაწილს ქმნის. შუა ნაწილს  მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რომელიც ჩრდილოეთით იმერეთის  დაბლობში გადადის. მთისწინეთის აგებულებაში ჭარბობს შუაეოცენური მერგელები, ეოცენ-პალეოცენური თიხაფიქლები, მერგელები; სარმატული და პონტური თიხები, ქვიშაქვები, კონგლომერატები და კირქვები. სოფელ ბზვანის, ისრითისა და დიხაშხოს მიდამოებში აქა-იქ შიშვლდება აგრეთვე ზედაცარცული კირქვები, მერგელები და ქვიშაქვები. ვანის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, რომელიც აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით.

მთავარი წიაღისეული ვანის მუნიციპალიტეტის სიმდიდრეა სამშენებლო მასალები  (კირქვა, ანდეზიტი, ბაზალტი, კერამიკული თიხა და სხვ.), აგრეთვე მინერალურ-თერმული წყლები, რომელთა ნაწილს სამკურნალოდ იყენებენ.

ჰავა  ვანის მუნიციპალიტეტში ზღვის ნიტიო სუბტროპიკული ჰავაა. დაბლობში იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული,  გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთში - ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, მთებში - ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. მაღალ მწვერვალზე არის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ნოტიო ჰავა ჰაერის საშუალო წლ ტემპ-რა იცვლება 140C-იდან (დაბლობში) 00C-მდე (მთებში). შესაბამისად ივლისშია 230 C და 40C იანვარში 40C და -100C; აბსოლიტური მაქს. 400C და 200C, აბსოლ. მინ -150C და -300C. ნალექები 1200-1500 მმ წელიწადში.  უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. მაღალ მთიან ნაწილში ნალექები წლის განმავლობაში თითქმის თანაბრადაა განაწილებული. თოვლის საფარი დაბლობზე საშ.10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.

შიგა   წყლები  ვანის მუნიციპალიტეტში მრავალი მთის პატარა მდინარეა. ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი სხვა მოზრდილი მდინარეებია: სულორი, ყუმური, კორის წყალი (რიონის მარცხენა შენაკადი) და წაბლარის წყალი (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი). მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის,  თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით. წყალდიდობა  წლის ცივ პერიოდშია.  წყალმცირობა-თბილში. მუნიციპალიტეტი მდიდარია მინერალური წყლებით, მათგან მნიშვნელოვანია სულორისა და ჭოკინის სულფიდურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი თეთრი წყლები.

ნიადაგები.  ნიადაგთა ძირითადი ტიპები გეოგრაფიული გავრცელებით სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. დაბლობზე ალუვიურ-ღორღიან და თიხა-ღორღიან ნალექებზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთში-წითელმიწა (ვულკანურ წყებებზე), ყვითელმიწა (თიხაფიქლებზე, ქვიშაქვებსა და კონგლომერატებზე) და ნეშომპალა-კარბონატული (კირქვებზე და მერგელებზე) ნიადაგები. მთის ფართოფოთლოვან ტყის ზონაში განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპურ და ალპური მდელოების ქვეშ მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგია.

მცენარეული   საფარი  ვანის მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. კარგად არის გამოხატული მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონები. დაბლობი წარსულში შემოსილი იყო კოლხური ტყით, რომელშიც ჭარბობდა მუხა, რცხილა, ვერხვი, იფანი, მურყანი და სხვ. ამჟამად ეს ტყეები გაჩეხილია და ტერიტორიის დიდი ნაწილი გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის  უმნიშვნელო კორომები, რომლის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა და სხვ. იგი მდიდარია მარად მწვანე ბუჩქებითა (წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი) და ლიანებით. 600-700 მ-იდან 1500-1600მ-მდე წიფლის ტყის ზონაა, სადაც წიფელთან შერეულია რცხილა, მუხა, წაბლი, ცაცხვი, თელადუმა და სხვ. ეს ტყე მდიდარია მარად მწვანე ქვეტყით. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვიანები - ნაძვი და სოჭი, ნაკლებად - ფიჭვი. ფართოფოთლოვანებიდან აქ ბევრია წიფელი. ტყის ზედა საზღვართან განვითარებულია სუბალპურ პარკული ტყე, რომელსაც ქმნის არყი, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვა. სუბალპურ ზონაში (1900 მ-იდან 2300 მ-იდან) გამოიყოფა მცენარეთა სამი ძირითადი დაჯგუფება: სუბალპური მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, იელი, ღვია, მაჯაღვერი). 2300 მ ზემოთ ალპ. მდელოებია, რომრლსაც ქმნის ნაირბალახეულობა: ალპური თივაქასრა, მარმუჭი, ფურისულა, ნაღველა, ბაია, ისლურა, მარწყვაბალახი, ფხიჯა, ქუდუნა და სხვ. სუბალპური და ალპური მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.

ცხოველთა    სამყარო.  ცხოველთა მრავალი სახეობა ადამიანის ხელით ან სულ გაწყდა ან ძალზე შემცირდა. მთის, ტყისა და მთის მდელოს ზონებში ჯერ კიდევ დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი  ცხოველთა დამახასიათებელი სახეობები. ასე, მაგ., მაღალ მთიან მდელოებზე - არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვ.; ტყის ზონაში - დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვ. 

ძირითადი    ლანდშაფტები:  1.  ჭალები, მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით;  2. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით; 2. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით;  3.  ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა და წითელმიწა ნიადაგებით;  4.  ნოტიო ჰავიანი საშუალო მთები, წიფლის ტყეებით და ტყის ყომრალი ნიადაგებით;  5. ნოტიოჰავიანი საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, ტიპობრივი და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით;  6.  სუბალპური ტყეები და მდელოები, მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით;  7.  ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით.

მეურნეობა.  ვანის მეურნეობის მაპროფილებელი  დარგებია მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა; კვების მრეწველობა (უმთავრესად ღვინისა და კონსერვების წარმოება). 

სოფლის  მეურნეობა.  ვანის მუნიციპალიტეტის  მთელი ფართობიდან სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. აქედან: სახნავი 4,8 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 5,4 ათ. ჰა.  ნასვენი 0,4 ჰა სათიბი 0,1 ათ. ჰა , საძოვარი 5,5 ათ. ჰა. სოფ. მეურნეობაში წამყვანია მევენახეობა (2,6 ათ. ჰა). ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკაური, ციცქა, ალადასტური და იზაბელა. წამყვანი დარგია აგრეთვე მებოსტნეობა, განსაკუთრებით კი ხახვის მოყვანა (680 ჰა). ჩაის ბუჩქი გაშენებულია 170 ჰა-ზე. მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 18,6 ათ. სულია, მ. შ. 6,5 ათ. ფური. სოფ. მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა (1020 ძირი სკა), მეფრინველეობა. მუნიციპალიტეტში არის ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო პუნქტი (70 ჰა) და თესლის ლაბორატორია.

მრეწვწლობა. ვანი ჩართულია საქმთავარენერგოს სისტემაში. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის, ზეინდრისა და ამაღლების ღვინის ქარხნები. ამაღლებაში არის აგრეთვე საკონიაკო საამქრო, საიდანაც იგზავნება მზა მასალა ვარციხის კონიაკის ქარხანაში. 

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ვანის მუნიციპალიტეტში არ არის რკინიგზის ხაზი. უახლესი რკინიგზის სადგურია სამტრედია. საავტომობილო გზა გაყვანილია ბაღდათის, სამტრედიისა და ქუთაისის მიმართულებით. ყველა სოფელშია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელთა საერთო სიგრძეა 175 კმ. ვანი ჩართულია კომპანია DSL-ის საშუალებით მსოფლიო სატელეფონო ქსელში.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ვანში არის 32 საჯარო სკოლა. აქედან 21 საშუალო,  11 საბაზო, 2 კერძო სკოლა-ლიცეუმი და 1 მართლმადიდებლური გიმნაზია  (634 მასწავლებელი, 34 დირექტორი, 3622 მოსწავლე), 2 პროფტექნიკური სასწავლებილი, 1 მუსიკალური სკოლა, 1 სპორტსკოლა და 1 საფეხბურთო სკოლა , 19 საბავშვო ბაღი, 2 კულტურის სახლი, 1 კინოთეატრი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (ქ. ვანში) და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები (სოფ. ჭყვიშში). მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, პოლიკლინიკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03, 17 ამბულატორია  46 ექიმი და 97 მედიცინის მუშაკი. 

კურორტები: მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია- სულორი სამკურნალო რადიოაქტიური წყლით. სამკურნალოდ გამოყენებულია აგრეთვე სოფელ ამაღლებისა და საპრასიის თერმული წყლები. 

ისტორიული ძეგლები: ვანის ნაქალაქარი, წმ გიორგის ეკლესია (1615) შუამთაში, მაცხოვრის ეკლესია (1619) ამაღლებაში, ეკლესია გადიდის მიდამოებში ( მე-11 ს. ) ბაზალიკური ეკლესია გორაში (ადრინდ. შუა საუკ.) "სამების" ეკლესია დიხაშხოში (მე-16-18 სს.  ), მთავარანგელოზის ეკლესია (მე-12-13 სს ) და სამრეკლო (მე-19 ს.  )  ზედა ვანში, ეკლესია (მე14-15 სს )  და კოშკი (შუა საუკ. ) ისრითში, კოშკი "გორმაღალის ციხე" სულორში (შუა საუკ.) და სხვ.